English / ქართული / русский /
შორენა წიკლაური
ბავშვთა შობის შიგა ოჯახური რეგულირება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში

რეზიუმე

სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში შობადობის დონე საკმაოდ დაბალია, რისი ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია რეპროდუქციულ ქცევაში მომხდარი ცვლილებები. თანამედროვე ადამიანებისათვის უფრო მეტად ფასეული ხდება თვითაქტივობა, თვითკმაყოფილება, პრესტიჟი, წარმატება და სხვა მსგავსი მისწრაფებები, რომელთაც თანამედროვე საზოგადოებაში შეიძლება მეტი ფასეულობა გააჩნდეს, ვიდრე ბავშვებს. ამიტომ ადამიანები უფრო მეტად არიან ორიენტირებული მათი მოპოვებისაკენ, ვიდრე ბავშვების ყოლისაკენ. სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში შობადობის კონტოროლის ძირითად საშუალებას წარმოადგენს აბორტები. ამასთანავე,  ქალების მიერ დასახელებული ბავშვების იდეალური რაოდენობა არ არის მაღალი და იმაზე მიგვანიშნებს, რომ მოსალოდნელია შობადობის დონის შემდგომი კლება.

საკვანძო სიტყვები: აბორტი, კონტრაცეპცია, სამხრეთ კავკასიის ქვეყნები

შესავალი

შობადობის კლების რეალური მიზეზების შესწავლა ყოველთვის წარმოადგენდა მეცნიერების ინტერესის საგანს. სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული, რელიგიური მიზეზების გარდა, დემოგრაფების კვლევის ობიექტს წლების მანძილზე წარმოადგენდა ამა თუ იმ საზოგადოების რეპროდუქციული ქცევა და ორიენტაციები. უფრო კონკრეტულად, მოსახლეობის მოსაზრება იმის შესახებ, თუ ბავშვების რა რაოდენობა არის იდეალური მათი და ზოგადად საშუალოდ ოჯახებისთვის (Freedman & Sharp, 1954); (Whelpton, Gampbell, & Pattersan, 1966); (Westoff, Potter, & Sagi, 1963); (Blake, 1966). მკვლევარები მივიდნენ დასკვნამდე, რომ თანამედროვე კონტრაცეფციული საშუალებების ხელმისაწვდომობით ოჯახებში ბავშვების იდეალური რაოდენობა მიუახლოვდა მათ რეპროდუქციულ ქცევას, ხშირ შემთხვევაში ბავშვების იდეალური და ფაქტობრივი რაოდენობა თითქმის გათანაბრდა.

აღსანიშნავია, რომ მოსახლეობას ბავშვების იდეალურ და სასურველ რაოდენობაზე შეხედულებები უყალიბდება ადრეულ ბავშვობაში. ამის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს მისი რელიგია, ეთნიკური წარმომავლობა, სკოლა, საზოგადოება და ა.შ. (Westoff & Potvin, 1966). ზ. ფროიდის ფსიქოანალიზის თეორიის თანახმად, ბავშვებს პატარა ასაკიდანვე აქვთ თავიანთი შეხედულება საგნებისა და მოვლენების ფარულ თვისებებზე (წულაძე, 1986); (http://library.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/04/froidi-fsiqoanalizi.pdf, გვ. 10). ამასთანავე, გოგონები უფრო ადრეულ ასაკში იწყებენ ფიქრს ბავშვების იდეალურ რაოდენობაზე, ვიდრე ბიჭები. ხოლო ბიჭების მიერ დასახელებული საშუალო იდეალური რაოდენობა უფრო მაღალია, ვიდრე გოგონების (Gustavus, 1968). ოჯახში ბავშვების საშუალო რაოდენობაზე წარმოდგენის ფორმირებაზე გავლენას ახდენს ოჯახის ზომა, რომელშიც ბავშვს უწევს ყოფნა.

რეპროდუქციული ჯანმრთელობა მჭიდროდ არის დაკავშირებული ოჯახის დაგეგმვის ასპექტებთან. ოჯახის დაგეგმვა ბავშვთა შობის შიგაოჯახური რეგულირებით განისაზღვრება, რომელიც წარმოებს კონტრაცეფციის სხვადასხვა მეთოდისა და აბორტების გამოყენების მეშვეობით. გაერთიანებული ერების მიერ 1994 წელს გამართულ მოსახლოებისა და განვითარების საერთაშორისო კონფერენციაზე შემუშავებული ქაიროს სამოქმედო პროგრამა გულისხმობს, რომ წყვილები უნდა იყვნენ ინფორმირებული და ჰქონდეთ საშუალება, ისარგებლონ მათთვის მისაღები ოჯახის დაგეგმვის მეთოდებით და შობადობის დასარეგულირებლად სხვა ლეგალური მეთოდებით (ქაიროს სამოქმედო პროგრამა, 1994).

ანალიზი

1990-იან წლებამდე, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში, ისევე, როგორც სხვა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში, ხელოვნური აბორტები შობადობის ძირითად მაკონტორლებელ საშუალებას წარმოადგენდა, ამის მიზეზი იყო ის, რომ აბორტი ქალების ძირითად რეპროდუქციულ უფლებად იყო მიჩნეული. ლიბერალური სამთავრობო პოლიტიკა ხელს უწყობდა აბორტების ფართოდ გავრცელებას. აბორტი იყო უფასო და ადვილად ხელმისაწვდომი, ხოლო მაღალხარისხიანი კონტრაცეპტიული საშუალებები პრაქტიკულად არ იყო გავრცელებული. მომდევნო პერიოდში მოხდა გარკვეული ცვლილებები და შეინიშნება ხელოვნური აბორტების მაჩვენებლების კლება, თუმცა აბორტი კვლავაც გავრცელებულ საშუალებად რჩება.

1955-1987 წლებში, მთელ საბჭოთა ტერიტორიაზე გამოიცა დეკრეტი, რომლის მიხედვითაც ხელოვნური აბორტი იყო ლეგალური, თუ სამედიცინო ჩვენებიდან გამომდინარე ორსულობა იყო 12 კვირაზე ნაკლები და 28 კვირამდე (სსრკ-ს მიღებული დეკრეტი „აბორტი, აბორტის კანონის გარეშე“, 1955). 1987 წელს აღნიშნულ კანონში შევიდა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც ორსულობის 28 კვირამდე ხელოვნური აბორტი გახდა ლეგალური, თუ აკმაყოფილებდა შემდეგ პირობებს: ორსულობის დროს მეუღლის გარდაცვალება, ქალის დაპატიმრება, თუ ჰყავდათ 5 და მეტი შვილი, მშობლის უფლების ჩამორთმევა, განქორწინება, ძალადობა, ავადმყოფი ბავშვის დაბადება.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში მოქმედებს კანონი აბორტის შესახებ. აღნიშნულის მიხედვით, ყველა ქალს აქვს ოჯახის დაგეგმვის უფლება. ამასთანავე, ხელოვნური აბორტი უნდა გაკეთდეს მხოლოდ ლიცენზირებულ სამედიცინო დაწესებულებებში გარკვეული პირობით: თუ ორსულობა არის 12 კვირამდე ან ორსულობის ვადა 22 კვირამდეა, მაგრამ არსებობს გარკვეული სამედიცინო ჩვენებები ან სოციალური პირობები, რომელსაც ქვეყანაში არსებული კანონმდებლობა არეგულირებს.

1970-იანი წლებიდან 1990-იანი წლების დასაწყისამდე საქართველო აბორტების მაჩვენებლით ლიდერობდა კავკასიის რეგიონში. 1990-იანი წლებიდან აბორტების მაჩვენებლები კლების ტენდენციით ხასიათდება და ამასთანავე იზრდება თანამედროვე კონტრაცეფციული მეთოდების გამოყენება (Popov & David, 1999).

აბორტების ზოგადი კოეფიციენტი საკმაოდ უხეშ მაჩვენებელს წარმოადგენს აბორტების რეალური დონის შეფასებისათვის. ამასთან ერთად, მიგვაჩნია, რომ აბორტის დონე უფრო მაღალია, ვიდრე ეს ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით არის მოცემული. ამდენად, მიზანშეწონილია, აბორტების დონე და ტენდენციები გავაანალიზოთ დემოგრაფიული და ჯანმრთელობის კვლევების შედეგების საფუძველზე. ითვლება, რომ აბორტების ჯამობრივი კოეფიციენტი, რომელიც უჩვენებს რეპროდუქციული ასაკის ერთი ქალის მიერ გაკეთებული ხელოვნური აბორტების რაოდენობას, წარმოადგენს უფრო ზუსტ მაჩვენებელს.

აბორტების ზოგადი კოეფიციენტები (15-49 წლის ასაკობრივი ჯგუფის 1000 ქალზე გაანგარიშებით)

 

დიაგრამა 1

წყარო: სამხრეთ კავკასიის ქვეყნების სტატისტიკის ეროვნული სამსახურები;

Recent demographic developments in Europe, 2005

საქართველოში 1999-2000 წელს ჩატარებული ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვლევის შედეგების მიხედვით, აბორტების ჯამობრივმა კოეფიციენტმა საშუალო წლიურად 1997-1999 წლების პერიოდისათვის შეადგინა 3.7, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია და აღემატება სამხრეთ კავკასიის დანარჩენი ქვეყნების შესაბამის მაჩვენებელს. სომხეთში 1998-2000 წლებში ერთი ქალის მიერ გაკეთებული აბორტების რაოდენობამ შეადგინა 2.6, ხოლო აზერბაიჯანში - 3.2.

საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში 2000-იანი წლების დასაწყისში ჩატარებული კვლევის მონაცემების მიხედვით, აბორტების ჯამობრივი კოეფიციენტები მკვეთრად აღემატება შობადობის ჯამობრივ კოეფიციენტს, რაც იმაზე მიუთითებს,  რომ ამ პერიოდში ხელოვნური აბორტი შობადობის ძირითად მარეგულირებელ საშულებას წარმოადგენდა. აბორტების ჯამობრივი და შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტები

 დიაგრამა 2

წყარო: საქართველო - (GeoRHS, 2010). სომხეთი - (ArmDHS, 2010); აზერბაიჯანი - (AzDHS, 2006)

2005-2006 წლებში სომხეთსა და აზერბაიჯანში შემცირდა აბორტების დონე და შობადობისა და აბორტების ჯამობრივი კოეფიციენტები მიუახლოვდა ერთმანეთს. თუმცა საქართველოში (2005 წელს) ერთი ქალის მიერ გაკეთებული აბორტების რაოდენობა კვლავ მაღალია (3.1) და თითქმის 2-ჯერ აღემატება შობადობის ჯამობრივ კოეფიცეინტს (1.6).

2010 წელს საქართველოსა და სომხეთში შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი აჭარბებს აბორტების ჯამობრივ კოეფიციენტს. როგორც ჩანს, ბოლო პერიოდში ოჯახის დაგეგმვის ძირითად საშუალებას, ხელოვნურ აბორტებთან ერთად, წარმოადგენს კონტრაცეპტივები.

გამოკვლევის შედეგების თანახმად, ქართველი ქალების ნახევარზე მეტი მიმართავს ხელოვნურ აბორტს იმ მიზნით, რომ აღარ სურს მეტი შვილი (1999-2000 წელს აბორტების 74% ჩატარდა ე.წ. „შვილოსნობის შეზღუდვის“ მიზნით, 2005 წელს ამ მაჩვენებელმა შეადგინა 63%, ხოლო 2010წელს – 51%). აღსანიშნავია, რომ საქართველოში ხელოვნური აბორტების 19-20% სოციალურ-ეკონომიკური მიზეზებითაა გამოწვეული (GeoRHS, 2001); (GeoRHS, 2005); (GeoRHS, 2010). სომხეთში, ჩატარებულმა დემოგრაფიულმა და ჯანმრთელობის კვლევამ აჩვენა, რომ 39%-მა ხელოვნურ აბორტს მიმართა იმ მიზეზით, რომ აღარ სურდა მეტი შვილი, 15%-მა კი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო (ArmDHS, 2010). აზერბაიჯანში აბორტის ძირითად მიზეზს (62-64%) წარმოადგენს „შვილოსნობის შეზღუდვა“. სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო 2000 წელს გაკეთდა ხელოვნური აბორტების 18% (AzRHS, 2001) და 2006 წელს - 13% (AzDHS, 2006).

აღსანიშნავია, რომ გარდა ფართოდ გავრცელებული პრაქტიკისა, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ქალების უმრავლესობა მისაღებად თვლის ხელოვნურ აბორტს, როგორც ოჯახის დაგეგმვის ძირითად წყაროს. საქართველოსა და აზერბაიჯანში ქალების თითქმის სამი მეოთხედი მიიჩნევს, რომ აბორტი არის გამოსავალი არასასურველი ორსულობის თავიდან ასაცილებლად (GeoRHS, 2001); (GeoRHS, 2005); (AzRHS, 2001).

შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში აბორტი არის ოჯახის დაგეგმვის ძირითადი წყარო და კონტრაცეპტივების გამოყენების „კულტურა“ ძალიან დაბალ დონეზეა.

გამოკვლევის შედეგებიდან ნათლად ჩანს, რომ 15-44 წლის ქორწინებაში მყოფი ქალების თითქმის ნახევარზე მეტი არ იყენებს კონტრაცეპტიულ საშუალებებს. სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ქალები უპირატესობას ტრადიციულ მეთოდებს ანიჭებენ, თუმცა ბოლო პერიოდში გაზრდილია თანამედროვე კონტრაცეპტიული მეთოდების გამოყენების სიხშირე.

ცხრილი:

15-44 წლის ქორწინებაში მყოფი ქალების განაწილება კონტრაცეპტივების მეთოდების ამჟამად გამოყენების მიხედით

 

თანამედროვე მეთოდები

ტრადიციული მეთოდები

ამჟამად არ იყენებენ

საქართველო

1999-2000

19.8

20.7

59.5

2005

26.6

20.7

52.7

2010

34.7

18.7

46.6

სომხეთი

2000

22.3

38.2

39.5

2005

19.5

33.6

46.9

2010

27.2

27.7

45.1

აზერბაიჯანი

2000

11.8

43.5

44.7

2006

14.3

36.8

48.9

წყარო: საქართველო - (GeoRHS, 2010). სომხეთი - (ArmDHS, 2010); აზერბაიჯანი - (AzDHS, 2006)

როგორც ცნობილია, ასაკი პირველი შვილის დაბადებისას არის მნიშვნელოვანი დეტერმინანტი შობადობის დონის შესწავლისას. სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის, სომხეთში უფრო პატარა ასაკში აჩენენ პირველ შვილს, ვიდრე აზერბაიჯანსა და საქართველოში  (სომხეთში  პირველი შვილის გაჩენის მედიანურმა ასაკმა 2000 წელს შეადგინა 21.8, 2005 წელს - 22.1, ხოლო 2010 წელს - 22.5. საქართველოში, 1999-2000 წელს პირველი შვილის გაჩენის მედიანური ასაკი 23 წელს შეადგენდა, 2005 წელს - 23.2, ხოლო 2010 წელს - 23.6. აზერბაიჯანში ეს მაჩვენებელი 2000 და 2006 წლებში იყო 23.7 და 23.8 შესაბამისად). სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში პირველი შვილის გაჩენის მედიანური ასაკი მნიშვნელოვნად დაკავშირებულია ქორწინების მედიანურ ასაკთან. ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი ქალები ქორწინებაში შესვლიდან ძალიან მალე აჩენენ პირველ შვილს.

დასკვნა

სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში მიმდინარეობს შობადობის დონის შემცირება. ამის ძირითადი მიზეზი რეპროდუქციულ განწყობაში მომხდარი ცვლილებებია, ანუ თანამედროვე საზოგადოება ორიენტიებულია მცირეშვილიან ოჯახებზე. სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში შობადობის კონტოროლის ძირითად საშუალებას წარმოადგენს აბორტები. ხშირ შემთხვევაში, ქალები აბორტებს იკეთებენ იმ მიზეზით, რომ აღარ სურთ მეტი შვილი. მიუხედავად ამისა, მიგვაჩნია, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში არსებობს გარკვეული პოტენციალი და სწორად შემუშავებული დემოგრაფიული პოლიტიკა შესაძლებლობას მოგვცემს საზოგადოებრივად საჭირო "ბავშვების ყოლის მოთხოვნილების" ფორმირებას, ასევე ხელს შეუწყობს „ბავშვების ყოლის მოთხოვნილების“ დაკმაყოფილებას.

გამოყენებული ლიტერატურა

წულაძე, გ. (1986). შობადობისპრობლემასაზოგადოებისგანვითარებისთანამედროვეეტაპზე (საქართველოსმოსახლეობისსოციოლოგიურიგამოკვლევებისსაფუძველზე). თბილისი: ავტორეფერატი. დისერტაცია ისტ. მეც. დოქტ. ხარისხის მოსაპოვებლად.

წულაძე, გ., მაღლაფერიძე, ნ., & სულაბერიძე, ა. (2007). დემოგრაფიასახელმძღვანელო. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტი.

Analysis of results of the sample survey on fertility preferences of Armenian population. Yerevan: Ministry of Labor and Social Issues of RA, National Statistical Service of RA and UNFPA-RA.

ArmDHS. (2010). Demographic and Health Survey in Armenia, 2010. Yerevan.

AzDHS. (2006, 2001). Demographic and Health Survey in Azerbaijan. Baku.

Blake, J. (1966). Ideal family size among white Americans: a quarter of a century's evidence. Demography (3), pp. 154-173.

Freedman, R., & Sharp, H. (1954). Correlates of values about ideal family size in the Detroit metropolitan area. Population Studies (8), pp. 35-45.

GeoRHS. (2010, 2005, 2001). Women´s reproductive health survey Georgia, 1999-2000: Final report. Tbilisi: Serbanescu, F.; Morris, L.; Nutsubidze, N.; Imnadze, P.; Shaknazarova, M.

Gustavus, S. (1968). The formation and stability of ideal family size norms among young people (Unpublished doctoral dissertation). Florida: Florida State University.

http://library.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/04/froidi-fsiqoanalizi.pdf. (n.d.).

Popov, A. A., & David, H. H. (1999). Russian Federation and USSR Successor States: Sex and Society. In From abortion to contraception; a Resource to Public Policies and Reproductive Behaviors in Central and Eastern Europe from 1917 to the present. Westport, CT: Greenwood Press.

Westoff, C. F., & Potvin, R. H. (1966). Higher education, religion, and women's family size orientations. American Sociological Review (31), pp. 489-496.

Westoff, C. F., Potter, R. G., & Sagi, P. G. (1963). The Third Child: A Study in the Prediction of Fertility. Princeton: Princeton University Press.

Whelpton, P. K., Gampbell, A. A., & Pattersan, J. E. (1966). Fertility and Family Planing in the United States. Princeton: Princeton University Press.